შალვა პაპუაშვილი: ვინმე თუ ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ეს ადამიანი ქსენოფობია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ სპეკულაციას უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ შეუძლებელია, ფრენების აღდგენა საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილიყო და ლავროვის ოჯახის წევრებს პირდაპირ ხელისუფლებისგან ჰქონდათ გარანტია ჩამოსვლაზე.

  • მისივე თქმით, ქსენოფობიის წახალისებაა განცხადებები, რომ ქართული პოლიცია რუს მოქალაქეებს ქართველებისგან იცავდა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებებზე არ არის საუბარი, სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო დაწესებული და ცალმხრივად მოიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი და სტრუქტურის წარმომადგენელი არ ამბობს, რომ ფრენებით ირღვევა რომელიმე სანქცია: „შევთანხმდეთ, პირდაპირი ფრენები არცერთ სანქციას არ არღვევს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

„ოპოზიცია ამბობს, რომ შეუძლებელია, ფრენების აღდგენა საქართველოს მაღალჩინოსნების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილიყო და ლავროვის ოჯახის წევრებს პირდაპირ ხელისუფლებისგან ჰქონდათ გარანტია ჩამოსვლაზე, რადგან პოლიცია იცავდა ოჯახის წევრებს – ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია.

ბევრჯერ მოვისმინე ხან მედიის, ხან ოპოზიციური პოლიტიკოსების, ხან არასამთავრობოების მხრიდან ასეთი შეფასება, რომ ქართული პოლიცია რუს მოქალაქეებს ქართველებისგან იცავდა. ეს ნეგატიურ კონტექსტში იყო წარმოჩენილი. სწორედ ეს არის ქსენოფობიის წახალისება, ასეთი შეფასებები არის ქსენოფობიის წახალისება. იქ, რაც ხდებოდა, იმ სასტუმროსთან, ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ჩვეულებრივი აგრესიული ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობისა,“ რომელიც მივარდნილი იყო ექსცესის მოსაწყობად“, – განცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა.

„ვინმეს თუ ესმის, რომ საქართველოს პოლიციამ უნდა დაიცვას ქართველები და არა ადამიანები, როგორც ასეთი, დიახ, ყველა უნდა დაიცვას დანაშაულისგან. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა ან ეთნიკური ნიშნით ადამიანების არდაცვა, თუკი ვინმე ამას ფიქრობს, ეს ადამიანი არის ქსენოფობი. პოლიციის ამოცანა არის, დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სიცოცხლე, ასე შემდეგ.ჩვენ რაც ვიხილეთ, პირდაპირ ეთერში ვხედავდით „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის აგრესიულ ჯგუფს, რომელიც მივარდნილი იყო აურზაურის მოსაწყობად და, რა თქმა უნდა, არავინ არ იცის, შემდეგ რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ვინ დაზიანდებოდა და ვის რა მოუვიდოდა, ამიტომ პოლიცია ვალდებული იყო, კიდევაც დაეშორიშორებინა და არ დაეშვა ის, რომ საფრთხე შექმნოდა სხვა ადამიანს. ყველა ადამიანი ღირებულია, ადამიანი ეთნიკური ნიშნებით არ განსხვავდება. ეს შეფასებები მიკვირს. სწორედ ეს არის ბიძგი ქსენოფობიისკენ, რომ ეთნიკური ნიშნით განვსაზღვროთ, ვინ დაიცვას და ვინ არ დაიცვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტებმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფარული გარიგებებით გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს. ამ მიზნით, პარტია „ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი და ორი უპარტიო დეპუტატი, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე, სადეპუტატო კითხვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს.