ჩინეთის ახალი ელჩი ვაშინგტონში ჩავიდა და აღიარა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები სერიოზულ სირთულეებსა და გამოწვევებს აწყდება

ჩინეთის ახალმა ელჩმა შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები „სერიოზულ სირთულეებსა და გამოწვევებს" აწყდება. ელჩის თქმით, მისი მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაა.

მე აქ ჩამოვედი ჩინეთის ინტერესების დასაცავად. ეს ჩემი წმინდა პასუხისმგებლობაა. მე ასევე ვარ ჩინელი ხალხის წარმომადგენელი, ამიტომ ჩამოვედი აქ ჩინეთ-ამერიკის თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განუცხადა სი ფენმა აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს.

მედია წერს, რომ ელჩად დანიშვნამდე, სი ფენი აშშ-ის მიმართ მკაცრი როტორიკით გამოირჩეოდა, მათ შორის „სადაზვერვო ბუშტის“ ჩამოგდების საკითხზე.


მისივე თქმით, ამჟამად ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა სერიოზული სირთულეებისა და გამოწვევების წინაშეა.

„ჩემი დანიშვნა ჩემთვის არამხოლოდ პატივისცემას, არამედ უზარმაზარ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. მე და ჩემი კოლეგები შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს და შეასრულებთ ჩვენს მისიას მონდომებითა და სიმტკიცით“, - ამბობს ახალი ელჩი.

59 წლის სი ფენი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

სი ფენი ის ცინ განს ცვლის, რომელმაც ვაშინგტონი იანვარში დატოვა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.

„ჩვენ მოუთმენლად ველით ელჩთან და მის გუნდთან მუშაობას. ჩვენ ერთგულნი ვართ, როგორც არაერთხელ ვთქვით, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები PRC-თან (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის მიზნით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.