ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მადლობლები ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის, საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები

კატარის ფორუმის მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვეს შეკითხვა, ფრენების აღდგენით მეგობრებს აღიზიანებენ თუ არა. მოდერატორის შეკითხვები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეეხებოდა.

ამავე ფორუმზე, მოდერატორმა გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.

„უპირველეს ყოვლისა, ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობლები ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპის მიმართაც ძალიან მადლიერნი ვართ.

საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, ერთი მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან მე მგონი ჩვეულებრივი ამბავია.

თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ“.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი. გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია?“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.