ბურჭულაძე კოლომინასთან შეხვედრაზე: განვიხილეთ 2022 წელს ჩატარებული და მიმდინარე სწავლებები

კიდევ ერთხელ ვუმასპინძლეთ NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას, რომელთანაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესზე ვიმსჯელეთ,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ის ჩატარებული სწავლებები, რაც 2022 წელს საქართველოში ჩატარდა, რომელთაც ვმასპინძლობთ და ვმონაწილეობთ მიმდინარე წლის განმავლობაში. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ მათთან ერთად, მათი დახმარებით გავაძლიეროთ ჩვენი კიბერუსაფრთხოების საშუალებები. ასევე განვიხილეთ ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ სხვადასხვა ვალდებულებებში, რაც გვაქვს აღებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

„უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობის, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების, NATO-სთან თავსებადობის გაზრდაზე გაამახვილა და ამ პროცესში ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსის წარმომადგენელს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული წარმატებები და განხორციელებული აქტივობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მინიჭებულ „საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტს“, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებითი პაკეტის გაძლიერებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.