ფაშინიანმა და ალიევმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სომხეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტისადმი მილოცვის ტექსტში ხაზ უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას.

„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობარ ხალხს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც სათავეს იღებს საუკუნეების განმავლობაში მეგობრობის, მეგობრული მეზობლობისა და ჰარმონიის პირობებში მცხოვრები ჩვენი ხალხების ნებიდან, კმაყოფილებას იწვევს. ურთიერთდახმარება და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორები.


დღეს კარგი შესაძლებლობებია ჩვენი ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისა და გამდიდრებისთვის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობას და ჩვენი პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე ამაღლებას.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, მივაღწევთ აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და ჩვენი ეფექტიანი ურთიერთქმედების შემდგომ გაფართოებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე. ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის მილოცვაში.


ნიკოლ ფაშინია კი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია პრეზიდენტისადმი მისალოც გზავნილში.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი წერილში ფაშინიანი აღნიშნავს: გზა სახელმწიფოებრიობისაკენ ყოველთვის არ იყო გლუვი, მაგრამ სომეხმა და ქართველმა ხალხებმა, თანმიმდევრული ბრძოლის წყალობით, დაადასტურეს თავიანთი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და დღეს, თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო მშენებლობის საკითხში.

დარწმუნებული ვარ, არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების მონდომება გააგრძელებს ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. ძალიან ვაფასებ მეგობარი საქართველოს მიღწევებს. გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასე დარჩება. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შრომას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს მშვიდობასა და წინსვლას“, – ნათქვამია მისალოც წერილში.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში“.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.