აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მთიანი ყარაბაღის ლიდერებს საკუთარი ნებით ჩაბარების შემთხვევაში, ამნისტიას ჰპირდება. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა კვირას ლაჩინის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი - დაემორჩილო აზერბაიჯანის კანონებს, იყო ლოიალური და აზერბაიჯანის ნორმალური მოქალაქე, ყალბი სახელმწიფო ატრიბუტები სანაგვეში გადააგდო - „პარლამენტი“ უნდა იყოს დათხოვნილი - თითქოს იქ „პარლამენტი" იყოს. თითქოს პრეზიდენტია, თითქოს მინისტრია, სასაცილოა ეს ყველაფერი.
ჩვენ უბრალოდ მოთმინება გვაქვს. თუმცა, ყველამ მშვენივრად იცის, რომ დღეს გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმ რეგიონში განვახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია. ამიტომ, „პარლამენტი“ უნდა დაიშალოს, სუბიექტი, რომელიც საკუთარ თავს „პრეზიდენტად“ უწოდებს, უნდა დანებდეს, ყველა „მინისტრმა“, „დეპუტატმა“ და სხვებმა უნდა დათმონ თავიანთი „თანამდებობები“.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, მათთან დათმობაზე საუბარი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ვისაუბროთ ამნისტიაზე. აქვე უნდა განვაცხადო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ფაქტობრივად სრულად ეთანხმებიან ჩვენს პოზიციას ბოლო დროს“, - განაცხადა ალიევმა.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რამდენჯერმე გაგზავნა წარმომადგენელი სტეპანაკერტში და დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირველი შეხვედრაც გაიმართა. შემდეგ კი, ბაქოშიც მიიწვიეს სასაუბროდ, თუმცა ალიევის თქმით, მეორე მხარემ უარი განაცხადა.
„ჩემი სიტყვა საბოლოოა და ეს ყველამ იცის როგორც აზერბაიჯანში, ისე მთელ მსოფლიოში, მათ შორის სომხეთშიც. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ. ჩვენი არცერთი სიტყვა, როგორც ამბობენ, ჰაერში არ დარჩენილა და არც მომავალში დარჩება. თუ ვიტყვი, რომ ამნისტია შეიძლება, იყოს, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. მათ ბევრი შანსი გაუშვეს ხელიდან, არაერთი შესაძლებლობა და ყოველ ჯერზე, როგორც ამბობენ, გვიწევდა მათი გონზე მოყვანა“, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
პარასკევს, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაქომ და ერევანმა შესაძლოა, ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას ყარაბაღის შესახებ პირველ ივნისს, კიშინიოვში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.
უფრო ადრე, 25 მაისს გავრცელებული ცნობებით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე.
„ჩვენ საკმაოდ კარგ პროგრესს ვაღწევთ ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამ კონტექსტში, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იმედი მაქვს, მალე დაიწყება ნორმალური და კონსტრუქციული დიალოგი ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს.
„არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარებისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. დღეს რუსული მხარის ინიციატივით შედგება სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მეთაურებს შორის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.