საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა თავისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის, ეს იყო 1989-1991-2008 წლებში, რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ იმ ფასს, რომელსაც უკრაინა იხდის დღეს, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს სისხლის ფასად დაუჯდა საკუთარი დამოუკიდებლობა და მისი უფლება, გამხდარიყო დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი სიმბოლო გვანახებს და ჩვენი გერბი ამბობს, რომ ძალა ერთობაშია. დღესდღეობით, სამწუხაროდ პოლარიზაციის პროცესს განვიცდით, პოლარიზაცია მცირე ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურება და განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწყდებიან ოკუპაციას და პროპაგანდას, ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის ენის გავრცელებას. პოლარიზაცია ემსახურება მხოლოდ ერთს, ჩვენს მტერს და ჩვენ ერთად უნდა აღვუდგეთ ამას წინ. საქართველოს ძირითადი ღირებულებები ეხმიანება 12 რეკომენდაციას, რომელიც მოცემულია კანდიდატის სტატუსის მისაღწევად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.