მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს აღემატება 10.5%-ით.
მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც, 2022 წლის მონაცემებით, 173 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით, 2021 წელთან შედარებით, 14%-იანი ზრდა აღინიშნა. ასევე, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 4.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.1 მლრდ ლარით (96%), ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს 0.5 მლრდ ლარით (13%) აღემატება. სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,7 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 1.01 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 284 მლნ ლარს შეადგენს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გაცემულ იქნა 857 მლნ ლარამდე ღირებულების 14 ათასზე მეტი სესხი, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 160 მილიონ ლარზე მეტია”, – ნათქვამია ანგარიშში.
მთავრობის ცნობით, 2022 წელს ღვინის წარმოების მიმართულებით ისტორიული შედეგები დაფიქსირდა.
„საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულ იქნა 103 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია”, – აღნიშნავს მთავრობა.