ბალტიის ზღვაში NATO-ს მოკავშირეების წვრთნების პარალელურად, სამხედრო სწავლება რუსეთმაც დაიწყო.
მასში 3,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 40-მდე გემი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს. რუსეთის წვრთნები 15 ივნისს დასრულდება.
ყოველწლიური წვრთნები „Baltops 23“ 4 ივნისს დაიწყო. მასში ალიანსის 19 წევრი და წევრობის კანდიდატი შვედეთი მონაწილეობენ. რიგით 52-ე წვრთნებში საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების 6000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებაში ჩართულია 50 ხომალდი და 45 თვითმფრინავი.
ორი კვირის განმავლობაში მოკავშირეები სხვა მანევრებთან ერთად ჩაატარებენ წყალქვეშა და საზენიტო თავდაცვის, საბრძოლო იარაღის განადგურების, ნაღმსაწინააღმდეგო და სამედიცინო სამაშველო ოპერაციებს. წვრთნები 16 ივნისამდე გასტანს.
წვრთნებში მონაწილეობენ ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები.
STRIKFORNATO არის NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების სარდლობა, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე დაარსდა. დოკუმენტს ხელი NATO-ს 13 წევრმა: დანიამ, საფრანგეთმა, გერმანიან, საბერძნეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა, თურქეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწერეს.