საყოველთადო ცნობილია, რომ საბანკო სექტორის სტაბილურობაზეა დამოკიდებული იმ ქვეყნების ეკონომიკის სტაბილურობა, რომლებსაც საბაზრო ეკონომიკა აქვთ. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოში ბანკის გაკოტრების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა პანდემიის ფონზე, ბანკები კრიზისის საფრთხეზე უკვე ალაპარაკდნენ. ბოლო სტატისტიკის მიხედვით, საბანკო სექტორის 2020 წლის წლიურმა ფინანსურმა შედეგებმა აჩვენა რომ სექტორის წმინდა მოგება 8.6-ჯერ შემცირდა და 2019 წლის 853 მილიონი ლარის ნაცვლად 99 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოში მოქმედი ბანკებიდან, 8 ბანკმა, არა თუ მოგება, მილიონობით ლარის ზარალი ნახა.
2020 წელს ფინანსური ზარალი მიიღეს შემდეგმა ბანკებმა: 1) "ქართუ ბანკი" - -24,751,630 ლარის ზარალი; 2) "სილქ როუდ ბანკი" - -1,182,511 ლარის ზარალი , "ფინკა ბანკი საქართველო" - -2,887,850 ლარის ზარალი ; "ტერაბანკი" - -13,830,949 ლარის ზარალი ; "ვითიბი ბანკი ჯორჯია" - -14,776,340 ლარის ზარალი, / "ლიბერთი ბანკი" - -15,173,231 ლარის ზარალი, "პაშა ბანკი საქართველო" - -23,193,879 ლარის ზარალი / "ხალიკ ბანკი საქართველო" - -12,894,496 ლარის ზარალი.
რაც შეეხება ბანკებს, რომლებმაც პანდემიის ფონზე მოგება ნახეს: "თიბისი ბანკი" - 123 მილიონის წმინდა მოგება. "საქართველოს ბანკი" - 57,108,880 ლარის წმინდა მოგება; "კრედო ბანკი" - 13,950,614 ლარის წმინდა მოგება ; "ბაზისბანკი" - 5,972,349 ლარის წმინდა მოგება, "პროკრედიტ ბანკი" - 3,534,386 ლარის წმინდა მოგება.
მიანიშნებს თუ არა საბანკო სექტორის კრიზისზე აღნიშნული სტატისტიკა? პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, რა ნაბიჯები უნდა გადადგას როგორც საბანკო სექტორმა ისე ხელისუფლებამ, ამ საკითხებზე Europetime ფინანსების სპეციალისტს, ირაკლი ერაძეს ესაუბრა.
როგორც Europetime-ს ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ განუმარტა, ბანკების მოგების ასეთი კლება ერთი შეხედვით საგანგაშოა, თუმცა მხედველობაში მისაღებია ის, რომ საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 1.2 მილიარდი ლარის ოდენობის ფულადი სახსრები დაარეზერვეს, რაც მომავალში სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.
ფინანსისტის თქმით, სტატისტიკა, რომლის თანახმად 2020 წელს საქართველოში 8 ბანკმა მილიონობით ლარის ზარალი ნახა, ბუღალტრული გატარებაა და საბანკო სექტორის რეალურ მოგება\ზარალს არ ასახავს.
"მაგალითისთვის ავხსნი. თუ ბანკმა მოგება ნახა 100 ლარი მაგრამ აქედან დაარეზერვა 80 ლარი, ფინანსურ მაჩვენებლებში მოგება გამოჩნდება რომ აქვს 20 ლარი", - აღნიშნავს ირაკლი ერაძე.
აღნიშნულ სტატისტიკის შეფასებისას, ფინანსისტის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები ესე ვთქვათ უბრალოდ ბუღალტრული გატარებაა და არ ასახავს საბანკო სექტორის რეალურ მოგება\ზარალს, თავის მხრივ ცალსახად მაჩვენებელია იმისა რომ საბანკო სექტორი ვარაუდობს კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საფინანსო სექტორზე გადაცემის შესაძლებლობასაც.
"საყურადღებოა უმოქმედო სესხების ზრდის ტენდენცია, რომელიც 2020 წლის დასაწყისში 4.5%-დან გაიზარდა და ამჟამად 8.4%-ს შეადგენს. ეს ის სესხებია რომლებზეც საბანკო სექტორი მიმდინარე შემოსავალს ან ვერ იღებს ან გართულებულია და საბოლოო ჯამში მათ საბალანსო უწყისს აუარესებს.
როგორც წლიური მონაცემებიდან ირკვევა "ქართუ ბანკს" ესეთი უმოქმედო სესხის წილი მთლიან საკრედიტო პორტფელში 35%-ს შეადგენს, რაც მთლიანად საბანკო სექტორში ყველაზე მაღალია და სწორედ ეს იყოს შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ამ ბანკის ცუდი ფინანსური შედეგისა. ზოგადად, იმისათვის რომ გავარკვიოთ ის თუ რა იყო მიზეზი კონკრეტული ბანკის კარგი თუ ცუდი ფინანსური შედეგისა საჭიროა მათი ყველა ძირითადი ფინანსური უწყისის ანალიზი.
ჩემი დაკვირვებით 2020 წლის მაჩვენებლები საერთო ჯამში ნორმალურია იმ კრიზისის გათვალისწინებით რაც კოვიდპანდემიას მოყვა.
ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლიდან 2019 წლის ბოლომდე გატარებული მაკროპრუდენტული ზომების დიდი წვლილიცაა, ის რომ ჩვენი საბანკო სექტორი მეტწილად მომზადებული დახვდა პანდემიის მიერ გამოწვეულ სიძნელეებს.
სეგმენტის მდგრადობის შესანარჩუნებლად საჭიროდ ვთვლი რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად უზრუნველყოს ფისკალური წესრიგი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიმართულებით და მაქსიმალურად შეეცადოს რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გაუმართლებელი ხარჯები, იქნება ეს სუბსიდიის, თუ სხვა სახით.
თავის მხრივ ბანკებმა უნდა მოახერხონ: თითოეული უმოქმედო სესხის ინდივიდუალურად განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მათ მიმართ მიღებულ იქნას კონკრეტული მსესხებლის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 2021 წელს ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება რამდენად შეძლებს ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან და საბანკო სექტორთან ერთობლიობით საბანკო სეგმენტის მდგრადობის შენარჩუნებას, რადგან მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ბანკებზე გადაცემის საშიშროება ესეთ ვითარებებში ყოველთვის არსებობს, რისი დადგომაც დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს მთლიანად ეკონომიკისთვის", - განუცხადა Europetime-ს ირაკლი ერაძემ.
ეროვნული ბანკის მონაცმეებით, ქართული ბანკების ჯამური აქტივები ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად წლიურად 22%-ით არის გაზრდილი და 56.9 მილიარდ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია რომ 2019 წელს "თიბისი ბანკის" მოგებამ 392 მლნ ლარი შეადგინა. მისი აქტივების ღირებულება 18 მლრდ ლარი იყო და ამ მხრივაც ეს კომერციული ორგანიზაცია საქართველოში პირველ ადგილს იკავებს. 2020 წელს კი მონაცმეები ასე გამოიყურება - "თიბისი ბანკი" - 123,180,649 ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 21,727,528,822 ლარი. "თბისი ბანკში" აღნიშნავენ რომ ხვა ბანკებისგან განსხვავებით 2020 წლის მოგება მხოლოდ ტრანზაქციებით იყო განპირობებული.
დიდი ბანკებისგან განსხვავებით, 2020 წელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება, 2019 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების ზომა 7.1%-ით გაიზარდა და ამჟამად ჯამური მოგება 2020 წელს 44.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2019 წელს არსებულ 0.1 მილიონიან მოგებას ბევრად აღემატება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საქართველოში ჯამურად 1.18 მილიარდი ლარის მოცულობის სესხები აქვთ გაცემული.