უკრაინის ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, კიევში ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.
საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, სხდომა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოიწვია.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქალაქ კახოვკასთან მდებარე პიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.