პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მოლდოვაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომლის დროსაც, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ირაკლი ღარიბაშვილი არ შეხვედრია. ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია, მთავრობის ხელმძღვანელმა ასე უპასუხა:
„თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება, 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე - საშუალება რომ გქონოდათ, რას იზამდით, უსურვებდით წარმატებას? - პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა:
„მივესალმებოდი, მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას“.
პირველ ივნისს მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართა. ახალი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით.