ავსტრალიის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან განიხილავს 41 ამერიკული წარმოების გამანადგურებლის, F/A-18 Hornet-ის კიევისთვის გადაცემას. ისინი ავსტრალიის არმიამ ჩამოწერა მეხუთე თაობის თვითმფრინავებით ჩანაცვლების გამო და ამჟამად თვითმფრინავები შენახულია.
უკრაინული მედიის ცობით, ამის შესახებ ავსტრალიური გაზეთი Financial Review-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გარკვეული რაოდენობის თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენებენ, წერს Financial Review, მაგრამ ავიატექნიკის შესაძლო გადაცემა შეიძლება, უკრაინასთან ყველაზე მასშტაბური გარიგება აღმოჩდნეს.
Financial Review-ს თანახმად, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, თვითმფრინავები შესაძლოა, ოთხ თვეში მოიყვანონ საბრძოლო მზადყოფნაში. მხარეებს პუბლიკაციის შესახებ ოფიციალური კომენტარები არ გაუკეთებიათ.
Hornet-ი მეოთხე თაობის გამანადგურებელია, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ შეიარაღებაში აშშ-ში, ესპანეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ფინეთში, მალაიზიასა და ქუვეითში. ისინი გამოიყენეს რამდენიმე სამხედრო კონფლიქტში, მათ შორის - ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალსა“ და ერაყის ომში, ავღანეთში და სერბეთის, ლიბიისა და სირიის დაბომბვისას.
კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან მოითხოვს, რომ მის არმიას თანამედროვე გამანადგურებლები მიაწოდონ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე უკრაინის არმია F-16-ებს მიიღებს. პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, უკრაინას F-16 რეაქტიული გამანადგურებლები მიაწოდონ, თუმცა ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო.
„მე ვიყავი მოლდოვაში, სადაც მქონდა დახურული შეხვედრა ქვეყნებთან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ისინი აუცილებლად მოგვცემდნენ F-16-ებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას პარტნიორი ქვეყნებისა და შეერთებული შტატების თანხმობა სჭირდება. ამასთანავე, აღნიშნა რომ ინფრასტრუქტურის სწრაფი მომზადება ნაკლებად სავარაუდოა.