სოხუმის მტკიცებით, თბილისი ამახინჯებს „რეგიონში განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს“

სოხუმი ამტკიცებს, რომ თბილისი ამახინჯებს „რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე რეალურ სურათს“.

ასე გამოეხმაურა აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობის ანგარიშს, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 30 ივნისს ქვეყნის პარლამენტს მიმართავს.

დეპარტამენტის დე ფაქტო შეშფოთება გამოიწვია მოხსენების ნაწილმა, რომელიც ეხება „ინტენსიურ მუშაობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გასაძლიერებლად. 

სოხუმში ამ სიტყვებს თბილისის მცდელობად აღიქვამენ, „პროვოკაციებსა და შეცდომებზე“ პასუხისმგებლობა „მეზობელ სახელმწიფოებს“ დააკისროს.

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ადანაშაულებენ ჟენევის დისკუსიების მუშაობის „საბოტაჟში“, რადგან თბილისი უარს ამბობს სოხუმთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე“.

„ნებისმიერ მცდელობას, რომ არსებულ წინააღმდეგობებს ქართულ-რუსული კონტექსტი მიენიჭოს, არის ხელოვნური და აბსოლუტურად უშედეგო. გარდა ამისა, საქართველოს ხელმძღვანელობა აგრძელებს უკიდურესად ნეგატიური როლის შესრულებას ჰუმანიტარული საკითხების კონტექსტში და სხვა ქმედებებს, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ“, - ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


საქართველოს მთავრობა ინტენსიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

მთავრობა აღნიშნავს, რომ 2022 წელს (5 ოქტომბერს) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთი რაუნდი გაიმართა, ხოლო მიმდინარე წლის 4-5 აპრილს რიგით 57-ე რაუნდი ჩატარდა, სადაც მთავარ თემებს წარმოადგენდა – რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული ძალების გაყვანისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება.

მთავრობა აქცენტს აკეთებს ჰააგის გადაწყვეტილებაზეც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თითქმის შვიდწლიანი განხილვის შემდეგ ჰააგის სისხლის  სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობის თუ განცხადებებზე მიერთების გზით.

„ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რის საფუძველზეც, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა.

მთავრობა ანგარიშში ევროკავშირთან ურთიერთობას დეტალურად მიმოიხილავს. მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილებისთანავე ქვეყანა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას შეუდგა და ამ მიზნით, პარლამენტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები პარლამენტის წევრების, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

საქართველოს მთავრობის შეფასებით, გასულ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ NATO-ში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა თბილისში, ბრიუსელსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში.

„გასული წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. მოკავშირეებმა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს NATO-ში გაწევრიანების გზაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია, რომ ინტენსიური ძალისხმევა იყო მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატო-ში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

მთავრობის მხრიდან პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენას რეგლამენტი ითვალისწინებს. პროცედურის მიხედვით, მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს დოკუმენტს პირველ ივნისამდე წარუდგენს. თავის მხრივ, პარლამენტი ანგარიშს საგაზაფხულო სესიის, ივნისი ბოლომდე ისმენს.