უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფოთა საბჭოს, შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატას, რომ გადადგა ნაბიჯი შვეიცარიული იარაღის რეექსპორტის განბლოკვისთვის.
დმიტრო კულება მადლობას უხდის შვეიცარიას სოლიდარობისთვის იმ ფონზე, რომ ის ნეიტრალიტეტს იცავს.
„ჩვენ მოუთმენლად ველით შემდგომ ნაბიჯებს“, - წერს კულება.
მანამდე, პირველ ივნისს შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ეროვნულმა საბჭომ არ დაამტკიცა ხსენებული ცვლილება. ზედა პალატის მიერ საკითხის კენჭისყრის შემდეგ კი, კანონში ცვლილებებს ისევ განიხილავენ.
ცნობისთვის, შვეიცარიის სახელმწიფო საბჭომ, პარლამენტის ზედა პალატამ, უკრაინაში იარაღის რეექსპორტი დაუშვა. გადაწყვეტილებას 22 მომხრე და 17 მოწინააღმდეგე ჰყავდა, ოთხი კი, თავი შეიკავა. ცვლილებების მოწინააღმდეგეები შვეიცარიის მიერ ნეიტრალიტეტის დარღვევის რისკზე საუბრობდნენ.
რეექსპორტი შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არ არღვევენ და იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ იყენებენ.
საბოლოო გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, ცვლილებას მხარი უნდა დაუჭიროს ეროვნულმა საბჭომ (პარლამენტის ქვედა პალატა). პირველ ივნისს ეროვნულმა საბჭომ მსგავსი ინიციატივა უარყო.