ზელენსკი ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილზე: შეუძლებელია დადგენა, რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს, საერთაშორისო ორგანიზაციები სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს სამაშველო ოპერაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.

ზელენსკის შეფასებით, ვითარება ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში აბსოლუტურად კატასტროფულია.

უკრაინის ლიდერის თქმით, ოკუპანტებმა უბრალოდ მიატოვეს ხალხი ამ საშინელ პირობებში. გადარჩენის გარეშე, წყლის გარეშე. ეს არის რუსეთის კიდევ ერთი გაცნობიერებული დანაშაული.

აქედან გამომდინარე, ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა მსოფლიოს მკაფიო და სწრაფი რეაქცია იმაზე, რაც ახლა ხდება.

„შეუძლებელიც კი არის ზუსტად იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება, დაიღუპოს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვების, სამედიცინო დახმარების გარეშე. დაბომბვის მიუხედავად, ჩვენი სამხედრო და სპეცსამსახურები ადამიანებს შეძლებისდაგვარად ეხმაებიან, მაგრამ უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო. აუცილებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, დაუყოვნებლივ ჩაერთონ სამაშველო ოპერაციაში და დაეხმარონ ხალხს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ის ქმედუუნაროა", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.