2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება - კალაძე

2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ხელისუფლება, ვინც ისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ, ვინც მიისწრაფვის იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ ჩვენი ოჯახის გაწევრიანება ევროპულ, დიდ ოჯახში. რეალურად, ვისაც კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები აქვს გადადგმული, ეს არის „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მოყოლებული, მაგრამ არის მეორე თემა, ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ, როდესაც სიმართლეს ეუბნებიან. მესმის, რომ მწარე მოსასმენია და რთულია მათთვის სიმართლე, თუმცა ჩვენ, რომ ეს თავის დროზე გაგვეკეთებინა და სიმართლე გვეთქვა, თუნდაც, ჩვენი მეგობრებისთვის, დარწმუნებული ვარ, ის უბედურება, რაც დღეს უკრაინაში ხდება, შეიძლება არ ყოფილიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.