„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მოუწევთ რეაგირება, გულწრფელი იმედი მაქვს, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ - არ მინდა, ქართველი ხალხი დაისაჯოს,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. პაველ ჰერჩინკსის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კანონი არ იყოს მიღებული.
„ჯერ კიდევ არის დრო და ჯერ კიდევ არის პროცედურები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ პარლამენტთან, პარლამენტის წევრებთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად განვიხილავთ და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამ კანონის არ მისაღებად, რათა შედეგების განხილვა არ მოგვიწიოს.
ამავდროულად, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრს სახელმწიფოსთან ერთან, მოუწევთ რეაგირება და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ.
არ მინდა, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს, ვინაიდან საბოლოო ჯამში ჩვეულებრივ ხალხს, თითოეულ პიროვნებას ნეგატიურად შეეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ ამ ნეგატიურ ეტაპზე არ გადავალთ," - აღნიშნა მან.
ელჩის თქმით, მალე ვენეციის კომისიის დასკვნა გახდება ცნობილი. მან კვლავ იმედი გამოთქვა, რომ კანონი დღევანდელი ფორმით არ იქნება მიღებული.
„ხმამაღლა და ნათლად ვთქვით, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი ახლანდელი ფორმით სერიოზული შეფერხებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ გზა იქნება ნაპოვნი, რომ ეს კანონი გაწვეულ იქნას ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ყველამ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას სთხოვეს თავისი იურიდიული მოსაზრება წარედგინა. ძალიან მალე ველით ამ იურიდიული მოსაზრების გამოქვეყნებას, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო პროცედურები იქნება ნაპოვნი, რათა ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არ იქნას მიღებული," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ამასთან, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს არ მოუწევს შესაძლო ნეგატიური რეაქციების განხილვა.
„რაც შეეხება მოვლენების შესაძლო ნეგატიურ განვითარებებს, ძალიან მწყდება გული, რომ საერთოდ მისვამთ ამ კითხვას. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრწმუნდეთ, რომ საქართველო წარმატებულია, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს ევროკავშირში წევრობისკენ მის გზაზე, რაც ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ასე რომ, ამ მომენტისთვის იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კანონი არ იქნება მიღებული და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო ნეგატიური რეაქციების განხილვა არ მოგვიწევს," - დასძინა მან.
ელჩმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პრობლემა მოგვარდება, რადგან კანონი არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. ჰერჩინსკის თქმით, იმედი აქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რათა ის კანონად არ იქცეს.
დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანამ 9 ნაბიჯის შესრულება დააჩქაროს.
„ძალიან მეამაყება, რომ ამ [ევროპის დღეს] აღვნიშნავთ, მაგრამ, ამავდროულად, ნამდვილად შეშფოთებული ვარ, განსაკუთრებით ბოლო დროის მოვლენებით, რომლებმაც რაღაცები უსარგებლოდ გაართულა. ჯერ კიდევ არის დრო, რომ წინ წავიწიოთ. როგორც იცით, ჩვენ გულწრფელად გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და ევროპული ინტეგრაციის შემდეგ საფეხურზე გადავიდეს - გახსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს უკვე მოხდა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ასე რომ, უნდა დავეწიოთ,ეს ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ მთავრობასთან, რათა ეს მოხდეს. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. მაგრამ ამისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, რაც უკვე არაერთხელ ითქვა ყველა ევროპელი ლიდერის მიერ. ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ევროპულ ღირებულებებს და გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რათა ეს კანონად არ იქცეს. ამავდროულად, 6 თვე გავიდა გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებიდან და საქართველოს 9 ნაბიჯი მოეცა შესასრულებლად, რათა წინ წაწეულიყო. დაჩქარება გვჭირდება 9 ნაბიჯის შესრულებაზე," - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
მას ასევე ჰკითხეს თავდასმხებთან დაკავშირებით.
ელჩის შეფასებით, დაშინებების, მუქარების, ძალადობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის.
ჰერჩინსკის თქმით, ნებისმიერი ფორმის დაშინება, მუქარა, ძალადობა უნდა შეწყდეს.
„ჩვენი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო: ნებისმიერი ფორმის დაშინება, ნებისმიერი მუქარები და ნებისმიერი ძალადობა ნებისმიერ ვითარებაში აბსოლუტურად, აბსოლუტურად მიუღებელია, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო, რაც გენერალურმა დირექტორმა კოოპმანმა თქვა თავისი ვიზიტის დასასრულს: "ტემპერატურა უნდა დაიწიოს, სერიოზული საუბარი უნდა დაიწყოს, საქართველოს ინტერესებშია წინ წაიწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.“ დაშინებების, მუქარების, ძალადობის ადგილი არაა არცერთ დემოკრატიაში, და საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, ასე რომ, ეს სრულიად მიუღებელია," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაცია მწვავედ დგას.
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლარიზაცია საქართველოში განსაკუთრებით მწვავეა. ამას, სამწუხაროდ, ყოველ ღამე ვუყურებთ ჩვენს სატელევიზიო ეკრანებზე. არის ცნობები დაშინებების შესახებ, ზარები ხორციელდება სხვადასხვა ადგილიდან სხვადასხვა ადამიანებთან მუქარებით. ვხედავთ ძალადობას, ვხედავთ ცემას, ეს უნდა შეწყდეს. ასეთი ქმედებების ადგილი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაა, განსაკუთრებით კი ისეთში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.