ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.
„თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-ს გაფართოება არის უკრაინაში ომის მიზეზი. პრობლემა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა მიზეზად მხოლოდ ნატო-ს გაფართოება დაასახელა, რაც რუსული ნარატივია და თან სრული სიცრუე, იმიტომ, რომ 2008 წლიდან, გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებიდან, რომელიც ეხებოდა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა უკრაინის ნატო-ში გასაწევრიანებლად. ასე რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის”, - აღნიშნა ლუკ დევინმა.
სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა.
გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.