ხერსონში ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოხალისეებს - უკრაინა

ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოხალისეებს, რომლებიც წყალდიდობისგან დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ, - ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

"რუსული საარტილერიო დარტყმის შედეგად დაშავდა ორი მამაკაცი, 52 და 25 წლის, ისინი მოხალისეები არიან, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დახმარებას უწევდნენ", - წერს პროკუდინი.


ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, დატბორილია 3 625 სახლი. ევაკუირებულია 2 412 ადამიანი.

ნიკოლაევის ოლქში: დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი. ევაკუირებულია 815 მოქალაქე.

რაც შეეხება ხერსონის ოლქის მეორე ნაწილს, დნეპრის მარცხენა ნაპირს, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, კრემლის მიერ ე.წ. გუბერნატორად დანიშნული ვლადიმირ სალდოს მიერ ტელეგრამით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები ადგილობრივ დე ფაქტო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ 17 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 22 200-მდე სახლი და ევაკუირებულია 5 800-ზე მეტი ადამიანი.

სტიქიური უბედურების ზონაში ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით ვერ მოწმდება.