უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“.
„ჩემი გადმოსახედიდან, უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები“, - განაცხადა ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრუდოსთან კიევში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკი კონტრშეტევის შესახებ დამატებით დეტალებს არ ავრცელებს, თუმცა ამბობს: „მჯერა, რომ ჩვენ ამას ვიგრძნობთ“.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მუდმივ კონტაქტზეა უკრაინელ სამხედრო მეთაურებთან, მათ შორის მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან და გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სირსკისთან და რომ ყველა მათგანი „დადებითად არის განწყობილი“.
ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავიშირებით, რომ სოციალურ ქსელებსა და მედიაში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა კონტრშეტევის დაწყების შესახებ და ასევე, ამის შესახებ განაცხადა გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უნდა ვენდოთ უკრაინელ სამხედროებს და არა პუტინს.
„მე მათ ვენდობი, მე ყოველდღიურად ვუკავშირდები ჩვენს მეთაურებს სხვადასხვა მიმართულებით. ახლა ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ასე გადაეცით პუტინს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
9 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ახლახან დაიწყო და აღნიშნა, რომ უკრაინის ძალებს ჯერ კიდევ აქვთ შეტევითი პოტენციალი.