სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 174.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 457.0 ათასი ერთეული შეადგინა.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 5.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 621.0 ათასით განისაზღვრა, რაც 0.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში, ვიზიტორების 36.5 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.4 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 32.9 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 17.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 10.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა, 49.6 პროცენტი, განხორციელდა მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი, საშუალოდ 372.0 ათასი ვიზიტი თვეში განხორციელდა თბილისში, იმერეთის რეგიონში კი საშუალოდ 293.2 ათასი ვიზიტი თვეში.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 244.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 16.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.4 პროცენტით და 167.9 ლარს უტოლდება.