ევროკავშირი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მხარდამჭერ განცხადებაში წერს, რომ არსებული რისკების გათვალისწინებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ამ ფორმით მიღება რეკომენდებული არ არის.
„ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასული წლის 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე.
- უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
გასული წლის 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.