საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერა გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახა

საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდამჭერი ჩანაწერი გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში გაჩნდა. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის.

დოკუმენტის თანახმად, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განსავითარებლად, ევროკავშირი და მისი ფართო სპექტრის ინსტრუმენტები ცენტრალურ როლს თამაშობენ. ეს მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ყველა იმ ევროპული ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულნი არიან. 

„ჩვენს მიზნად რჩება ევროპა, რომელსაც მშვიდობა და თავისუფლება აერთიანებს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის", - ნათქვამია გერმანიის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირს გაფართოებისთვის და მისი მოქმედების შესაძლებლობის უწყვეტად უზრუნველსაყოფად, რეფორმები ევროკავშირის ფარგლებში აუცილებელია.


დოკუმენტის თანახმად, კავშირს უნდა შეეძლოს თავისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა. ამ მიზნით კი, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) ევროპელ პარტნიორებთან და მტკიცედ განხორციელდეს „სტრატეგიული კომპასის“ პროექტები (სამოქმედო გეგმა 2030 წლისთვის ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გასაძლიერებლად რედ.).

„ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობითა და თავისუფლებით გაერთიანებული ევროპა ყველა ევროპული ქვეყნისთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს“, - წერია დოკუმენტში.


გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ.


შეგახსენებთ, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.