რესპუბლიკელები პარლამენტში ერთჯერადად შესვლას არ გამორიცხავენ

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტიის წევრები მზად არიან პარლამენტში ერთჯერადად, მხოლოდ საარჩევნო რეფორმის კენჭისყრისთვის შევიდნენ. თუმცა მისივე თქმით, “რესპუპლიკური პარტია” ოპოზიციის მოთხოვნების ერთგული რჩება.

როგორც ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რესპუბლიკური პარტიის ის წევრები, რომლებმაც არჩვენებზე სადეპუტატო მანდატი მოიპოვეს პარლამენტის სამ სხდომას დაესწრებიან, იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნება” უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს მანდატების გამოყენებას იმისთვის, რომ დღევანდელ პარლამენტში იმუშაონ. ეს ნიშნავს მანდატების გამოყენებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს მომავლისთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანი კანონი, რომლის შემდეგაც ვერ შეძლებს ვერცერთი ხელისუფლება, ერთპარტიული პარლამენტით, ან მიტაცებული ხელისუფლებით იფუნქციონიროს.

“თუ ხელისუფლება ბედავს და მზად არის, შემოგვთავაზოს ბუნებრივი ბარიერით, პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, რომ მის კენჭისყრაში მონაწილეობა მივიღოთ. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგები გაითვალისწინებენ ამ რეალობას, რომ ამით ჩვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუტიოთ. ჩვენ მანდატების გაუქმების განცხადება დაწერილი გვაქვს და ერთგული ვრჩებით ამ განცხადების, ველოდებით როდის გააუქმებს ხელისუფლება ამ მანდატებს, რომელიც კანონს არღვევს იმით, რომ მანდატების გაქუმებაზე უარს გვეუბნება. მაგრამ ამავე დროს წინაპირობებით და დათქმებით მზად არის უბარიერო პროპორციული სისტემისთვის, თუ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში”,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძის თქმით, მას სხვა პარტიებთან კონსულტაცია არ ჰქონია, თუმცა ამბობს, რომ თუ “ოცნება” აღნიშნულ ინიციატივას დაარეგისტრირებს, მას სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც ექნება.

“ამ კანონპროექტზე უარს ოპოზიცია არ იტყვის. მე ვფიქრობ, რომ ასე იქნება. ჯერ კონსულტაციები არ გვქონია სხვა პარტიებთან, იმიტომ, რომ ჯერ კანონპროექტი არ დარეგისტრირებულა. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, დაარეგისტრიროს კანონპროექტი და მზად ვართ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის”, - აცხადებს სამნიძე.

2020 წლის არჩვენების შედეგად საპარლამენტო მანდატი რესპუბლიკური პარტიის ორმა წევრმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ მიიღეს. რესპუბლიკელები არჩევნებზე საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიასთან” ერთად მონაწილეობდნენ.

საარჩევნო ბარიერის შესასცვლელად საკონსტიტუციო უმრავლესობა, 113 დეპუტატის ხმა არის საჭირო. "ქართულ ოცნებას" პარლამენტში 90 მანდატი აქვს. "პატრიოტთა ალიანსის" სიით 4 დეპუტატი შევიდა, "მოქალაქეებიდან" 2 დეპუტატი. იმ შემთხვევაში თუ გირჩი "პარლამენტში ზურა ჯაფარიძის გარეშე სამი წევრით შევა, მხოლოდ 99 ხმა გროვდება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის.

"გირჩის" წარმომადგენლის ვახტანგ მეგრელიშვილის მტკიცებით, ხელისუფლების მხრიდან უბარიერო სისტემის შემოღების პირობის დადების შემთხვევაში, "გირჩი", სხვა პარტიების ოპოზიციონერ დეპუტატებსაც დაარწმუნებს, პარლამენტში შესვლით საარჩვენო რეფორმას მხარი დაუჭირონ.

“ქართული ოცნების” განცხადებით, საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში უმრავლესობა უბარიერო სისტემასაც განიხილავს, თუმცა ამისთვის ოპოზიციას სერიოზული არგუმენტაციის წარდგენა მოუწევს.