სამხრეთ კორეამ ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ეს არის პირველი ვაქცინა, რომელსაც ქვეყანა 26 თებერვლიდან გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა მოხუცებში. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, „ასტრაზენეკას" ვაქცინის მოხმარება შეამცირეს. მიზეზი კვლავ მონაცემების ნაკლებობა და ეფექტურობასთან დაკავშირებული შეკითხვებია.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას დროებით აჩერებს. აღმოჩნდა, რომ ვაქცინა გაცილებით ნაკლებეფექტურია კორონავირუსის იმ ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც სამხრეთ აფრიკაშია აღმოჩენილი.
სამხრეთ კორეის „საკვებისა და მედიკამენტების სამინისტრომ“ საგანგებო ავტორიზაცია სპეციალური მოთხოვნებით გასცა. ისინი მოითხოვენ, რომ ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ მიაწოდოს მათ კლინიკური ცდების შედეგები 18 წლისა და უფროსი მოსახლეობის შესახებ. ასევე, სამინისტრო ავრცელებს გაფრთხილებას 65 წლისა და უფროსი მოსახლეობისთვის ვაქცინის შესახებ.