ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად - ავსტრიის ელჩი

ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად. როგორც იცით, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამ პრიორიტეტთან დაკავშირებით. ნახეთ ვენეციის კომისიის ანგარიში, ასევე ნახეთ რა თქვა მთავრობამ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი განხილვებით საერთო გზა იქნება გამონახული“, - განაცხადა მიულმანმა.

შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.