ივლისში ვილნიუსის სამიტი უკრაინის, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის დამოუკიდებელი, დემოკრატიული წევრის შესახებ, მომავლის ხედვას ჩამოაყალიბებს, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ NATO-ს არ სურს კონლფიქტის გაყინვა უკრაინაში.
„ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ სამართლიანი მშვიდობა არ ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის თანახმად, სამიტზე მოკავშირეები განიხილავენ უკრაინის წევრობის მისწრაფებებს. მოკავშირეები მუშაობენ უკრაინისთვის დახმარების მრავალწლიან პაკეტზე.
„ჩვენ ასევე ვმუშაობთ NATO-უკრაინის ახალი საბჭოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც ერთობლივად განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს. გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ვილნიუსში, უკრაინას NATO-სთან დააახლოებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.