ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ, დაშლას არ აპირებენ და ღამეს ადგილზე გაათენებენ.
ერთ-ერთი მაღაროელის, ტარიელ მიქაძის განცხადებით, გაფიცულები, სამართალდამცველებთან შეთანხმებით, პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლიან.
აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება.
ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, ხვალ პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გეგმავენ.
გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას.
ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.
უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან.
მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.
„ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის.
ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.
მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.
„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი
ამბობს, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.