მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია - „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი

ჭიათურაში კომპანიის ფინანსური ზარალი 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია, - ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ცალსახად იყო მოთხოვნილი ხელფასების 20%-იანი მატება. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ წლებია კომპანია ზარალიანია. წლებია, ეს კრიზისი ჭიათურაში გრძელდება. 15% ჩვენი არსებული სახელფასო ფონდიდან არის 10 მლნ დოლარის ოდენობით წლიური ხარჯი. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჩვენი მიზანია, სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში. არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეჩერებული იყოს.

ვცდილობთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და ყველაზე მარტივ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. მზად ვართ, ღია ვართ, დამოუკიდებელი აუდიტის ჩართულობით, კომისიის შექმნის გზით, რაც სახელმწიფოს მონაწილეობით იქნა შემოთავაზებული, რომელშიც ჩართული იქნებიან, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიატორი, შრომის ინსპექტორი, დასაქმებულები და დამსაქმებლები. მზად ვართ, ერთობლივად შევისწავლოთ, თუ რა ხდება, რამ გამოიწვია ზარალიანობა ჭიათურაში, რატომ მივედით ამ შედეგამდე, რა გამოსწორების გზებს ვთავაზობთ ჩვენ დასაქმებულებს, ერთად ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ გამოვიყვანოთ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან,“ - განაცხადა თუთბერიძემ.


გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას.

ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი. 
 
უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან. 
 
მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.
 
„ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის.
 
ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.
 
მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.