Reuters-ი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, უკრაინამ 7-დან 2 პირობა შეასრულა

უკრაინამ ევროკავშირში მისაღებად მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2 შეასრულა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდება.

სააგენტოს თანახად, უკრაინამ შეასრულა პირობები, რომლებიც ეხება სასამართლო რეფორმას და მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. როგორც Reuters-ის ერთ-ერთი წყარო ამბობს, შუალედური ანგარიში ზომიერად პოზიტიურია. სააგენტოს მესამე რესპონდენტის თქმით, უკრაინის სასამართლო სისტემაში გარკვეული პროგრესია, თუმცა, ჯერ კიდევ გასატარებელია გადამწყვეტი რეფორმები.

Reuters-ი წერს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას სიმბოლური ჟესტი გაუკეთა და წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უშუალოდ წევრობაზე მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინამ უნდა შეასრულოს 7 პირობა. მათ შორისაა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ოლიგარქებთან ბრძოლა, საკონსტიტუციო სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირება და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები დეკემბერში მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას წევრობის საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ. ამ კვირაში, ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს. ახალ ანგარიშს ჯერ 21 ივნისს ბრიუსელში გააცნობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, შემდეგ კი, მას სტოკჰოლმში, არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ ევროპის საქმეთა მინისტრები.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.