„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს, რაც ამ ქვეყანასთან კომუნიკაციის კუთხით, დღეს ერთადერთი არხია.
მას შეკითხვა დაუსვეს საქართველო-რუსეთის „საქმიანი საბჭოს“ შეკრებაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გაიმართა.
ასევე, რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთი მზად არის, ჩადოს ინვესტიცია საქართველოში ახალი სატრანსპორტო კვანძის გახსნისთვის - ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტყუილი ადრეც გავრცელდა.
„არ გამიგია. ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რაც ფარსი და ტყუილი აღმოჩნდა. ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბუნებრივია, ფარგლებს მიღმა არ გავდივართ. არის კონკრეტული კომუნიკაციის არხები, მათ შორის არის სპეციალური წარმომადგენელი და ეს არის ერთადერთი არხი დღეს, რაც რუსეთთან კომუნიკაციის კუთხით გვაქვს.
საქმე ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს, ეს არის ის თემები, რაზეც ბუნებრივია, კონცენტრირებული არის ურთიერთობები, მაგრამ არა ამის მიღმა, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“, - განაცხადა კობახიძემ მედიასთან.
ცნობისათვის, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.