კიევში, 16-სართულიან კორპუსში აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის დედაქალაქის დნეპროვსკის ოლქში, 16-სართულიან კორპუსში აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორს კი, ადგილზე ჩაუტარდა მკურნალობა.

კლიჩკოს თქმით, ხუთი დაზიანებული ბინიდან 18 მცხოვრები გამოიყვანეს. მთლიანობაში, შენობის ყველა ბინიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაო გრძელდება. ექსპერტები აფეთქების მიზეზებს იკვლევენ.

22 ივნისს, დაახლოებით დილის 04:00 საათზე, კიევის დნიპროვსკის ოლქში 16-სართულიან შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელმაც სამი სართულის კედლები ერთდროულად დაანგრია და 150 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა ხანძარი.

წინასწარი ინფორმაციით, კორპუსში გაზი აფეთქდა.