რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილებისთვის დაწესებული სპეციალური რეჟიმის მოქმედებისას, მსუბუქ ავტომობილებს მოძრაობა 06:00 საათიდან - 21:00 საათამდე შეუძლიათ, ხოლო სატვირთო ავტომობილებს 23:00 საათიდან - 05:00 საათამდე.