საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ - მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
- „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო
- დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
„თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. ყველა მაჩვენებლით იმ ქვეყნებზე წინ ვართ, ვინც სტატუსი მიიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად, 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს. საუბარი იყო, რომ ოპოზიციაც უნდა ჩართულიყო, თუმცა ისინი არათუ არ ჩართულან, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალონ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა აღნიშნული 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.
საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.