"აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში", განაცხადა კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ აშშ-ის კონგრესში „საქართველოს მხარდასაჭერი აქტის“ წარადგენისას.
მისი თქმით, კონგრესში წარდგენილი „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“ ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა.
„მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში.
როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა", - განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.
აშშ-ის კონგრესში ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“ წარადგინეს.