საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის განცხადებას „ეკონომიკური ბლოკადის გარღვევის“ შესახებ.

კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში 0.3%-ია.

„რუსეთის ფედერაციას აქვს სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის არის უზარმაზარი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი. რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0.3%. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს არის აცდენილი სინამდვილესთან. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო - ეკონომიკური ბლოკადა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია.

ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, ამ კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ, რუსლან დავიდოვზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის დახმარებით გაარღვია.