აზერბაიჯანის რკინიგზას, ყაზახეთის რკინიგზის ეროვნულ კომპანიასა და საქართველოს რკინიგზის მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნისა და მისი ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები წერენ.
დოკუმენტს ხელი მოეწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ, ალი ასადოვისა და ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმილოვის შეხვედრის ფარგლებში.
- აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი
დღესვე აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ და ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ, შუა დერეფნის ფარგლებში, დიგიტალიზაციის კუთხით ურთიერთქმედების გაფართოების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
აზერბაიჯანული მედია რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ყაზახეთი შუა დერეფნისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნას განიხილავენ.
„საერთო საწარმოს შექმნა უზრუნველყოფს ინტერმოდალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურების მაღალ ხარისხს, ტრანსსასაზღვრო ტარიფების კოორდინაციას და ჩინეთიდან თურქეთში ტვირთის გადაზიდვის სრული ავტომატიზაციისთვის ერთიანი IT პლატფორმის დანერგვას“, - აცხადებდა TITR-ის ასოციაციის გენერალური მდივანი, გაიდარ აბდიკერიმოვი.
(TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.