ნიკა გვარამია საპატიმროს დატოვების შემდეგ: სალომე ზურაბიშვილს ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, ეს მას ღირსებას მატებს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება შეწყალების შემდეგ დატოვა.

„არ ველოდი გათავისუფლებას“, - განუცხადა მან მედიას.

გვარამიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების ნაბიჯი საკუთარი ქვეყნისთვის გადადგა და ეს მას ღირსებას მატებს.

„პირველ რიგში გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა! დავიწყებ იმით რაც მკითხეთ, პირველი შთაბეჭდილება გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი, უბრალოდ, მართალი გითხრათ, არ ველოდი გათავისუფლებას. არ ვიყავი ამისთვის მზად.

ველოდებოდი თებერვალ-მარტს, როდესაც მიწევდა პირობით ვადამდე გათავისუფლება, არც მაშინ ველოდი დიდად, რომ გამიშვებდნენ მაგრამ მაინც რაღაცას წავიაქტიურებდი მაინც მაგ პერიოდში, თუ არ გამიშვებდნენ. მაგრამ მანამდე არაფერს არ ველოდი. უნდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა დღეს.

მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად“, - განაცხადა გვარამიამ.


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი დაუშვებლად ცნო.

პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.