თურქული კომპანია Baykar 2025 წელს უკრაინაში Bayraktar TB2-ს და Bayraktar Akinci-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ელის. თურქეთმა უკრაინაში Bayraktar-ის დრონების წარმოებისთვის ლიცენზია გასცა.
უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ობიექტების მშენებლობისთვის დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 95.5 მილიონი აშშ დოლარია. ქარხნის გახსნა 2025 წელს იგეგმება.
„სამშენებლო სამუშაო Baykar-ის ადგილობრივ შვილობილ კომპანიაში [უკრაინაში], შპს (Avia Ventures) გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, გახსნა დაგეგმილია 2025 წელს“, - ციტირებს მედია მის კომენტარს.
კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „[საწარმოში] მოსამზადებელი სამუშაოს ძირითადი ნაწილი უკვე მიმდინარეობს“.
ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.