თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში, Bayraktar TB2 თვითმფრინავების წარმოებისა და მოდერნიზაციის მიზნით ქარხანას ააშენებს. კომპანია ასევე შექმნის ცენტრს დრონების ტესტირებისა და პერსონალის მომზადებისთვის. ამის შესახებ Baykar Defence-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობის პირველი წარმატებული გამოცდა იყო Akinci დრონის წარმოება Ivchenko-Progress-ის მიერ აშენებული ძრავით. ამის შემდეგ თურქულმა კომპანიებმა დაიწყეს ხელშეკრულებების გაფორმება უკრაინულ კომპანიებთან. ახლა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მსოფლიო მასშტაბით ფართოვდება.
„შეთანხმებების თანახმად, თურქეთი ააშენებს Bayraktar-ი ტესტირების, პერსონალის მომზადებისა და ტექნიკურ ცენტრს უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად და ახალი ტექნოლოგიების განვითარების მიზნით შექმნის, რათა საფუძველი ჩავუყაროთ სრულ საიმედო სისტემას უკრაინაში“, - განაცხადა Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისი თქმით, ახლა მხარეები ცენტრის მშენებლობისთვის დოკუმენტაციის გასაფორმებლად ემზადებიან, რის შემდეგაც კომპანია უკვე მუშაობას დაიწყებს.
როგორც ცენტრის, ასევე საწარმოო ობიექტების მშენებლობას მთლიანად Bayraktar-ი დააფინანსებს.
კომპანიის ცნობით, შერჩეულია ადგილი, სადაც ცენტრების აშენება იგეგმება და მიწის ნაკვეთებიც უკვე შეისყიდეს.
ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ თურქული უპილოტო თვითმფრინავები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნიან.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს ქარხნის აშენებას თვითმფრინავების წარმოებისთვის თურქულ თვითმფრინავების მწარმოებელთან თანამშრომლობით.
უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს