საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტზე ზეწოლა იყო გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილზე, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილების მიზეზს არ განმარტავს.
„ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს ჩანდა. იყო ღიაც და არა ღიაც ეს ზეწოლა პრეზიდენტის მიმართ. იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ შეიცვალა, ვინაიდან გადაწყვეტილება, განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული.
რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, ვინაიდან თავად მსჯავრდებული არ ითხოვდა შეწყალებას და რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია.
ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება, მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის. რაც შეეხება დეპოლარიზაციის მიზეზად მოტანას, გვესმის ჩვენ, მათ შორის, როდესაც ზეწოლა იყო პრეზიდენტზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იყო ღიად ყოველ შემთხვევაში საუბარი, თითქოს ეს იყო მოტივი ან მიზანი და ახლაც გვესმის ზოგიერთი კოლეგის მხრიდან ასეთი შეფასება.
ასე ვთქვათ, დეპოლარიზაცია რომ ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ თავის დროზე, იქნებოდა ეს გიგი უგულავას შეწყალება, თუ სხვა ასეთი შეწყალებები, მაშინაც იყო საუბარი, რომ ეს დეპოლარიზაციის გამო ხდებოდა და რამდენად უფრო გაუარესებული პოლარიზაცია მოგვიტანა, ესეც დავინახეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ისინი, ვინც პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებენ და ამბობენ, თითქოს, ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, გამოდის, რომ ამით ბურთს აგდებენ ოპოზიციის მხარეს.
„ვნახოთ, თუ მოახდენენ ისინი საკუთარი რადიკალური დღის წესრიგის შეცვლას. ჩანს, რომ პასუხისმგებლობასაც იღებენ თავის თავზე ჩვენი პარტნიორები. ამიტომ, თუკი ეს მათი ხედვაა, ახლა დრო არის მგონი, რომ ვინაიდან ბურთი ახლა ოპოზიციის მხარეს არის, დაელაპარაკონ ოპოზიციას, რომ შეცვალონ პოლიტიკური დღის წესრიგი. ჩვენ სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, იმ წარსული გამოცდილებიდან, რომელიც წინა შეწყალებებს ჰქონდა, რომ არანაირი დეპოლარიზაცია ამას არ მოუტანია. ამიტომაც არის, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვერცერთი მოტივი ამ გადაწყვეტილების ვერ დაასახელა, ვინაიდან რეალური მოტივები, მისი დასახელება მძიმე იქნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი.
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.