ამერიკის ელჩის განცხადებით, აშშ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ელჩის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლარიზაციისა და დაყოფის შესამცირებლად. კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საქმე პრობლემატური იყო თავიდანვე.
„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები თავიდანვე გამოხატავდნენ შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ შეშფოთების გამოხატვა არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ, როდესაც ისინი შეშფოთებულები არიან და არ ნიშნავს ჩარევას. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად უდგება და იღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი.
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.