თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“ და საქმიანობის სფეროდ, საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე „FOREX“ და ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განსაზღვრეს.
„ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბის“ ფილიალები, რომელთა ხელმძღვანელები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. ბრალდებულები ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები - შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია. მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე, თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა.
რეალურად კი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ხსენებულ საერთაშორისო კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულება ხსენებულ კომპანიებს არ ეკისრებოდა და მათ მიერ შეტანილი ფულადი თანხის განკარგვა სრულად ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ. 2018 წლის სექტემბერში კი პლატფორმა, სადაც დაზარალებულები ახორციელებდნენ ვაჭრობას და შესაბამისად ასახული იყო მათი ვაჭრობის ისტორია, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სრულად გააუქმეს. საქმიანობის წარმოების პროცესში, კერძოდ, 2014-2018 წლებში 3000-მდე მოქალაქის მიერ სავაჭროდ შეტანილმა თანხამ 27 533 986 ლარი შეადგინა, საიდანაც 12 730 434 ლარს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ფულადი თანხები სესხისა და საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით გადარიცხეს მათთან დაახლოებული პირების მიერ მათივე მითითების შესაბამისად დარეგისტრირებულ სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც დივიდენდების და ხელფასების სახით მიიღეს 3 545 143 ლარის, 442 909,74 აშშ დოლარის და 27 370 ევროს შემოსავალი.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება) და 194-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.