საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირი მოხსენების შეფასებისას განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით გუშინდელი კომენტარები აღიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია 12-დან სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით და საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში.
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები, რომლებიც გაწერილია 12 რეკომენდაციაში, მნიშვნელოვანი არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
„პარლამენტის გადაწყვეტილება, არ გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის კანონი, ძალიან კარგად იყო აღქმული და მნიშვნელოვანია. ვენეციის კომისია, ევროკომისია და ევროპული საბჭო ძალიან მკაფიონი იყვნენ, რომ ხსენებული კანონპროექტი ასეთი სახით არ არის საუკეთესო გზა პოლიტიკური და ფინანსური გავლენის აღმოსაფხვრელად საქართველოს დემოკრატიულ სისტემაში.
უკეთესია სისტემური რეფორმები, რომელიც რეალურად გადაჭრის ამ რთულ პრობლემას. ყველას კარგად ესმის, რომ რეფორმები, რომლებიც განსაზღვრულია 12 რეკომენდაციაში, რთულია, თუმცა ასე მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, თავად საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს სისტემის გაძლიერებისთვის.
ამდენად, ვფიქრობ, ძალიან წამახალისებელია, რომ კომისიამ შესრულებულად ცნო სამი კრიტერიუმი და განსაზღვრა მკაფიო გზამკვლევი, რომელსაც საქართველო უნდა მიჰყვეს, მათ შორის იყოს ინკლუზიურ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
ეს არის ის, რითაც საქართველო პოზიტიურ შედეგებს მიიღებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რისი ხილვაც ყველას გვსურს დეკემბერში. თუმცა კომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები უნდა შესრულდეს პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად და იმედი მაქვს, მომავალ თვეებში ყველა გაერთიანდება რეალური პროგრესის მისაღწევად“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, 22 ივნისს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.