ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად ცნობილია

ევროკომისიამ, სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი მოხსენება წარადგინა.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული. მოხსენება იმეორებს იმ შინაარს, რომელზეც რიგი მედიასაშუალებები წინასწარ საუბრობდნენ.

  • კერძოდ, ევროკომისია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირების და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე.

ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით, ზეპირი მოხსენების წარდგენისას განაცხადა, რომ შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე პროცესის საშუალებით.

„რაც შეეხება საქართველოს, რომლის შემთხვევაშიც 12 პრიორიტეტი განისაზღვრა ივნისში წარმოდგენილ მოსაზრებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ 3 მათგანი არის შესრულებული.

პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე არის სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით“, - განაცხადა ვარჰეიმ.


  •  ვარჰეის შეფასებით, საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 7 მიმართლებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია.
„7 სხვა მიმართულებით საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს - მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულებით, სახლმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების მიმართულებით და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართლებით, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმების სტრატგეიის მიღებისა და განხორციელების თვალსაზრისით, ასევე, ანტიოკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ ევროსტრუქტურაში გასაწევრიანებლად საჭიროა რეფორმების განხორციელება.

„გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო გზავნილი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

ამდენად, ჩემი რეკომენდაციამთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.


ევროკომისარმა საქართველოს მოუწოდა, გამოიყენოს შანსი.

„ძალიან კარგად მესმის საზოგადოების განწყობა საქართველოში, მაგრამ ჩემი გზავნილი ის იქნება, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა უკვე ძალიან ინოვაციური გადაწყვეტილებაა ევროპული საბჭოს მხრიდან. როგორც მინიმუმ, ეს ასე აშკარა არ იყო. და ვფიქრობ, რომ ეს სიგნალი ნათელი და ძლიერია, და ის ჯერ კიდევ ძალაშია, ასე რომ, გამოიყენეთ ეს. სხვებს ნუ უყურებთ, უყურეთ იმას, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ. და თუ ყველაფერი შესრულებული იქნება, ქვეყანას შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა ექნება", - განაცხადა ევროკომისარმა ვარჰეიმ.


ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მოგვიანებით განმარტა, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები.

ვარჰეის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი ფუნქციონირება და უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„ასევ, უნდა ვისაუბროთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ამ პუნქტის სრულად შესასრულებლად, ქართლმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მუშაობდეს დამოუკიდებლად და რომ ვენეციის კომისიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, ვთხოვთ საქართველოს, გადაეხედოს თავის გადაწყვეტილებას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელიდან გასვლასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველომ წინ წაწია თავისი თანამშრომლობა ევროპოლთან და წევრ ქვეყნებთან. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ევროკომისიის სახელმძღვანელოს ყველა რეკომენდაცია.

რაც შეეხება მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მომზადებულია ინკლუზიური გზით და უნდა უზრუნველყოს LGBTQI ჯგუფის წევრების შეკრებისა და დაცვის უფლება.

ასევე, რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და დანერგოს რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები“,- განაცხადა ევროკომისარმა ვარჰეიმ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.


საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.