არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ჩვენი საფიქრალია, პატიმრის უფლებები იყოს დაცული - ბრეგაძე

არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ჩვენი საფიქრალია, პატიმრის უფლებები იყოს დაცული - საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო.

„არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. ადამიანი როცა პატიმარია, ამ დროს ერთადერთზე, რაზეც ვფიქრობ ხოლმე, არის ის, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ეს არის ჩვენი საფიქრალი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხოლმე პრეზიდენტი, რომ არ მოგატყუოთ, ამაზე არ ვფიქრობ. პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე არ დაუსახელებია არგუმენტი, თქვა, რომ არ ისაუბრებდა. არაფერი ვიცოდი, სატელევიზიო არხით გავიგე. როგორც კი მოვიდა დადგენილება, მისი სისრულეში მოყვანა დავიწყეთ. ნებისმიერი პატიმარი როცა გადის პენიტენციური დაწესებულებიდან, ჩვენ ყოველთვის მოწადინებული ვართ, რესოციალიზაციის პროცესი სრულად ჰქონდეს გავლილი, დაუბრუნდეს საზოგადოებას და დაიწყოს ახალი ცხოვრება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალების კავშირს საქართველოს ევროინტეგრაციასთან, კითხვის საპასუხოდ რატი ბრეგაძემ აღნიშნა: „არ მგონია, შეწყალებას და კონკრეტულ შემთხვევას კავშირი ჰქონდეს ევროინტეგრაციასთან“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება გვიან ღამით დატოვა.

გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი.

პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.