გვარამიას მხრიდან დანაშაული იყო ჩადენილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ ასე აუხსნელად მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„უკანონო პატიმრობა ნამდვილად არ იყო, ჩადენილია სერიოზული დანაშაული. ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლომდე არმისვლა იყო ის თემა, რისთვისაც იღვწოდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. დანაშაული იყო ჩადენილი და სალომე ზურაბიშვილის მიერ ასე აუხსნელად, ყოველგვარი კომენტარის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება იყო უსამართლო, გარდა ამისა, უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, რომელიც მისგან ელემენტარულ განმარტებას მაინც ელოდებოდა, რას შეიძლება, ამან ხელი შეუწყოს, თუმცა შემდეგ დეგნანმა დააზუსტა, რომ ეს დეპოლარიზაციისთვის მოხდა. ვნახოთ, რამდენად დიდი რესურსი გამოიტანა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების სისტემიდან დეპოლარიზაციის ამოცანისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება კითხვას, როგორი მოლოდინი აქვს, წავა თუ არა გვარამია პოლიტიკაში, გია ვოლსკიმ აღნიშნა:
„ყოველ შემთხვევაში, უცხოდ არ მიაჩნია, პოლიტიკაში იყო მუდმივად. უფრო რელევანტური იქნებოდა, გეკითხათ, პოლიტიკიდან გასვლის წინაპირობას თუ ხედავთო. პოლიტიკაში იყო მუდმივად, როცა იყო ტელევიზიის ხელმძღვანელი, პროკურორი. რეალურად, პოლიტიკიდან არასდროს გასულა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
გადაწყვეტილებას წინ უძღვის ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნება, რომელშიც მედიაპლურალიზმის ნაწილში შეუსრულებელ რეკომენდაციებზეა საუბარი.
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.