არასამთავრობო ორგანიზაცია, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ოკუპირებული გალის რაიონში რუსული პროპაგანდა ძალას იკრებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა, რომ რუსული პროპაგანდა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის იდეოლოგიური გადაბირება ოკუპირებულ აფხაზეთში ახალ ფაზაშია შესული. თუმცა მათი ცნობით, ახლა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ოკუპირებული გალის მოსახლეობას გეგმაზომიერად და ეტაპობრივად, ახალ-ახალ პროექტებს და ღონისძიებებს სთავაზობენ.
„მაგალითად კი, ივნისის დასაწყისში, რუსეთის საელჩოს ინიციატივით, ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ბავშვები ექსკურსიებზე წაიყვანეს; რიწის ტბაზე, ბიჭვინთაში, ბედიაში და ახალ ათონში. ტრანსპორტირების, კვებისა და ექსკურსიასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორც „მეგობარი რუსეთის საჩუქარი“კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის, მთლიანად რუსულმა მხარემ დაფარა.
მეორე ეტაპზე, რუსეთის საელჩოს მიერ, კვლავ ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები შეირჩა; ამჯერად ბავშვები იმ 15 სოფლიდან წაიყვანეს ექსკურსიაზე, რომელიც ახალი დაყოფის მიხედვით, ოჩამჩირესა და ტყვარჩელს ეკუთვნის.
რუსეთის განათლების სამინისტროს ინიციატივით, გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში, რომელთანაც „თანამშრომლობის“ ექსკლუზიური მემორანდუმია გაფორმებული, „ღია სასწავლო ცენტრი“ გაიხსნა. ცენტრში ფილოლოგებისათვის რუსულ ენასა და ლიტერატურაში ტრენინგები და გადამზადების კურსები ჩატარდება.
სამომავლოდ, გადამზადება დაგეგმილია ყველა საგანში. სპეციალისტთა ჩამოყვანას მთლიანად რუსეთის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს. ამავე დროს, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რუსეთის განათლების სამინისტრო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, გაზარდოს გალის ჰუმანიტარული კოლეჯის თანამშრომელთა ხელფასები“, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
მისივე თანახმად, 6 ივნისს ოკუპირებულ სოხუმში ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღე აღნიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის, ოკუპირებული გალის რაიონიდან.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, შეკრების ძირითადი მიზანი სავარაუდოდ იყო არასრულწლოვანებზე იდეოლოგიური ზემოქმედება, რამდენადაც ღონისძიების მიმდინარეობისას ძირითადად სჭარბობდა განცხადებები რუსეთის იმპერიაში და სსრკ-ში ცხოვრების დადებითი მხარეების შესახებ.
„გალში მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის მოსაგვარებლად, რუსებმა კრასნოდარის ოლქიდან ჩამოიყვანეს 120 ტრაქტორი და გალის მოსახლეობას მიწის დამუშავებაში უსასყიდლოდ დაეხმარნენ: „ეს არის რუსეთის საჩუქარი მოძმე ქართველების მიმართ, არ უღალატოთ რუსეთს და ყველაფრის მოგვარება შეიძლება, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, გადაეცით“.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აშკარაა, რომ რუსეთი მუშაობს ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლების იდეოლოგიურ გადაბირებაზე.
„ამ ფონზე, უცნობია, რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გაძლიერებულ გავლენებს გალის რეგიონში“, - აცხადებს ორგანიზაცია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებამ უნდა შექმნას მექანიზმები გალში გამძაფრებული იდეოლოგიური კამპანიის შესაკავებლად და ასევე, შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პაკეტები გალის მოსახლეობისთვის.