ტყიბულის შახტების ადმინისტრაციისთვის შახტში გამოკეტილი მეშახტეების მოთხოვნები უცნობია. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სოცკი აცხადებს, ადმინისტრაციას მეშახტეთა გაფიცვის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ და მათთვის უცნობია მოთხოვნებიც, რომლებსაც მეშახტეები აყენებენ.
მიხეილ სოცკის თქმით, მეშახტეებს ხელშეკრულების გათვალისწინებთ დაერიცხათ ხელფასი იმის მიხედვით, როგორც მოიპოვეს ქვანახშირი:
„ზოგმა 70 %-ით შეასრულა გეგმა, ზოგმა 110 %-ით და ხელფასიც შესაბამისად მიიღეს , როგორც ეს კონტრაქტითაა გათვალისწინებული“, - განაცხადა მიხეილ სოცკიმ.
ტყიბულის შახტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ასევე მეშახტეთა ნაწილის განცხადებაზე, რომ შახტში პროტესტის ნიშნად გამოკეტილ მეშახტეებს ადმინისტრაცია საკვების მიწოდებაში ხელს უშლის და მეშახტეებს მხოლოდ წყალი მიეწოდებათ.
სოცკის განცხადებით, მაღაროში საკვების მიღების პირობები არ არის და წესდებითაა აკრძალული, მაგრამ არასწორია ინფორმაცია, რომ შახტის ადმინისტრაცია ხელს უშლის შახტში საკვების ჩატანას.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში მეშახტეების ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის. ისინი იანვრის თვის სახელფასო ანაზღაურების განახევრებას აპროტესტებენ. 10 თებერვალს, ძიძიგურის შახტის მე-17 უბნის მეშახტეთა ნაწილი ცვლის დასრულების შემდეგ შახტში ჩაიკეტა.